Sunday, March 2, 2014

Big Brother is watchnig you!

სანამ რუსეთში, ყირიმში შეჭრის საკითხი წყდება, ობამა პუტინს ტელეფონით 90 წუთი ესაუბრება და ევროპის სხვა ლიდერები შეშფოთებულები არიან, თბილისიდან 150 კილომეტრში რუსი ჯარისკაცი ბინოკლით გვაკვირდება.

ამასობაში CNN იუწყება: 
U.S. condemns 'invasion' of Ukraine territory
 ”ამერიკა გმობს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას” (რუსეთის მიერ) http://edition.cnn.com/2014/03/01/world/europe/ukraine-politics/index.html?hpt=hp_t1

აქ უკვე შეჭრილია. ვდგავარ შიდა ქართლის რაიონის სოფელ ატოცის მინდორში, ვუყურებ მავთულხლართს, ვხედავ რუს ჯარისკაცს და ერთმანეთს მხოლოდ 20 მეტრი გვაშორებს. მე და რუსი ერთმანეთს ვათვალიერებთ, მაგრამ მდუმარედ, კითხვებს არ ვსვავთ. დაველაპარაკებოდი, მაგრამ მე და ოპერატორი თითქოს ვცდილობთ ყურადღება არ მივიქციოთ. მაგრამ იმასაც კარგად ვხედავთ, რომ ამ წუთებში მათი დაკვირვების მთავარი ობიექტები ვართ. უსიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც შეიარაღებული რუსი ჯარისკაცი ასე ახლოსაა და 20 მეტრში, მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა. ქართულმა პოლიციამ გაგვაფრთხილა, რომ პირობით საზღვარს 100 მეტრზე ახლოს არ მივუახლოვდეთ.


არადა, ახლოს თუ არ მიხვედი ამ წარწერას ვერ წაიკითხავ. რუსები ახლა რუსულად კი არა, ქართულად და ინგლისურად გვამცნობენ:

ყურადღება! 
სახელმწიფო საზღვარი! 
მიახლოვება (მოძრაობა) აკრძალულია!

პოლიცია წესებს არ არღვევს და ამ ტრაფარეტიდან 100 მეტრში გვიცდის. ევრიკავშირის დამკვირვებლებიც ფრთხილობენ და მავთულხლართს კიდევ უფრო შორი მანძილიდან აკვირდებიან.

შიდა ქართლის რაიონში, სოფელ
ატოცში მოსახლეობამ ამ მავთულხლართის გამო, 30 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა უკვე დაკარგა.


”სახელმწიფო საზღვართან” ერთი შეხედვით, თითქოს არავინ არის, მაგრამ ხეებში დამალული რუსი ჯარისკაცები რამდენიმე წუთში ჩნდებიან. ბინოკლებისა და იარაღის გარდა, ფოტოაპარატითაც არიან შეიარღებულნი. მოსახლეობა შიშით აქ მოსვლას ვერ ბედავს და მიწა წელს დაუმუშავებელი დარჩება. რუსი მესაზღვრე თვალს არ გვაშორებს. გვაკვირდება მანამდე, სანამ ტერიტორია არ დავტოვეთ.





”მალე მავთულხლართს ჯართში ჩავაბარებთო, პრეზიდენტი დაგვპირდა!,” გვეუბნება პირველივე სოფლის მოსახლე, რომელიც გზად გვხვდება, ”და ამ ჯართით ისევ თვქენ ისარგებლებთო!”.

სოფელ ატოცში უწყლობა აწუხებთ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სოფელი ბევრმა დატოვა. დღეს 70 ოჯახი ცხოვრობს. ზინა ბლიევა პოლიეთილენის ბოთლებს  წყაროზე წყლით ავსებს. ”ოსი ვარ, მაგრამ 17 წელია აქ ვცხოვრობ. 2008 წლამდე ცხინვალში ოჯახის წევრების მოსანახულებლად გადავდიოდი, ახლა ეს შეუძლებელია. დედა ისე გარდაიცვალა, დაკრძალვაზე ვერ ჩავედი,” მეუბნება ზინა ბლიევა.



2008 წლის აგვისტოში, ატოცში რუსული ჯარის შეჭრის გამო, ლილი ბირთველიშვლმა სახლი დაკარგა და დღეს მთავრობის ნაჩუქარ ვაგონში ცხოვრობს. გვაჩვენებს სახლის დაბზარულ კედლებს, სადაც ცხოვრება სახიფათოა. ”პრეზიდენტი იყო ჩამოსული ორი დღის წინ. კარგი ბიჭია. ძალიან  მომეწონა. მინდოდა ჩემი სახლი მენახებინა, მაგრამ არ გამოვიდა. დახმარებას კი დამპირდა,” ამბობს 79 წლის მოხუცი.







”სამხრეთ ისეთის რესპუბლიკა და სამშვიდობოების საგუშაგოები” - ასე ჰქვია რუკას, რომელიც ინტერნეტით მოვძებნე. მავთულხლართის გავლება ამ რუკის მიხედვით ხდება ანუ რუსების მიერ დადგენილი საზღვრებით. ამ საზღვარს გავყევით და დავდაგინეთ, რომ მცოცავი ოკუპაცია სწორედ ამ მიმართულებით მოძრაობს.



მავთულხლართის გასწვრის მოძრაობისას, გავიარეთ სოფლები კნოლევი, ცერონისი, ავლევი. გზად აგვისტოს ომის დროს გადამწვარი სახლები გვხვდება.

ელგუჯა ბადრიაშვილი ავლევში ცხოვრობს. სახლი დაეწვა, მაგრამ დამწვარ სახლს მაინც არ ტოვებს. მავთულხლართი მისი სახლიდან ერთ კილომეტრშია. ზუსტად იქ, სადაც მისი ოჯახის კუთვნილი სახნავ-სათესი მიწაა. რუსეთის შემოჭრას საკუთარ მიწაზე ელგუჯაც გმობს. მაგრამ შედეგი ნულის ტოლია.


No comments:

Post a Comment