Saturday, March 8, 2014

”გიო!...პაატა!...პაატა მეთქი! გესმის?...ძინავს?...შვილი მოგიყვანე....”

პატიმრობის კოდექსი
მუხლი 17. პაემნის უფლება

1. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული იზოლაცია.

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს მის ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, მშობელი (მშვილებელი), ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, გათვალისწინებული პირისა, უფლება აქვს, ისარგებლოს ვიდეოპაემნით (პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდით) ნებისმიერ პირთან.

 

მუხლი 16. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმოწერა 

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები ამ კოდექსით დადგენილი წესით.  

5. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე.                             

ქუთაისი. სასჯელაღსულების #2 დაწესებულება

მკაცრად გაწერილი პატიმრობის კოდექსის გარდა, არსებობს ისეთი კოდექსიც, რომელიც არც დაწერილია და არც ზეპირად იცის ვინმემ. ეს იმ ადამიანების კოდექსია, რომლებიც ცოცხლობენ, სუნთქავენ, განიცდიათ, უხარიათ და სწყინთ.

ასეთი ადამიანებისთვის არის ეს ცარიელი ტერიტორია ქუთაისის ციხესა და ბეტონის კედელს შორის. ამ ტერიტორიაზე არ მოქმედებს კოდექსი. ეს თავისუფალი ზონაა, საიდანაც თვალი შეიძლება მოჰკრა შვილს, მეუღლეს, მეგობარს, მამას.

ამასობაში პატიმრის მამა მოვიდა. ”გიო! გიო! დაუძახე რა ერთი, უთხარი მამაშენია მოსული თქო!”. 

აქ მოდიან ისინი, ვისაც კოდექსით გაწერილი ურთიერთობა არ აკმაყოფილებს ან მისთვის პაემანი არ არის დაშვებული. ასეთ ადამიანებს მეგობრები ან შეყვარებულები მიეკუთვნებიან. ზოგიერთი უფრო შემაღლებულ ადგილს, ამ ღობეზე იკავებს.  

აქ არასდროს არის სიჩუმე. პატიმრები საკნის ფანჯრიდან იცქირებიან და სათქმელს კი არ ამბობენ, ყვირიან. სხვადასხვა ხმები ექოში ირევა და მოკლედ, წესიერად ვერ გაარჩევ ვის რისი თქმა სურს. ძირითადად პატიმარს მოკითხვებს უგზავნიან და უამბობენ რა ხდება ციხის კედლებს მიღმა. მძიმე თუ მსუბუქი დანაშაულის პატიმარია, მნიშვნელობა არ აქვს....ფაქტია, რომ კომუნიკაცია ახლობელ ადამიანებთან აქ ყველას ჰაერივით აკლია.








მაგრამ ყველა პატიმარს ასე არ უმართლებს. ყველა საკნიდან ასეთი თავისუფალი ზონა არ იშლება და იძულებულები არიან პატიმრობის კოდექსით გაწერილ მოკლე, ხანგძლივ, სატელეფონო ან ვიდეო პაემანს დაელოდონ .

შემოვუარეთ ღობეს უკნიდან, სადაც უარმაზარი ბეტონის ფილებია. სწორედ ამ ფილებს პაემნებზე მოსულები პლატფორმად იყენებენ.







ფილებზე ქალბატონია შემომდგარი. შვილიშვილიც მოყვანილი ჰყავს. რომელსაც მართალია შორიდან, მაგრამ საკნის ფანჯრიდან მამა უყურებს. ”გავიგე მანდ ჩხუბი მოგსვლია ვიღაცასთან....იმის ნათესავმა მითხრა....მართალია???”. დედა ცდილობს გაარკვიოს, მართალია თუ არა ციხიდან გამოსული ჭორი.

 საუბარს ასრულებს თუ არა, შვილიშვილთან ერთად ჩამოსვლას იწყებს.



მეუღლე ეხმარება და რამდენიმე წუთში შვილიშვილთან ერთად სახლისკენ გზას მიუყვება. გზად გვეუბნება, რომ შვილი სამი თვეა ციხეშია და პაემნის უფლება ჯერ არ მისცეს, ამიტომ იძულებული იყო აქ მოსულიყო. ასე შვილის ხმას მაინც გაიგებს, თუ ვერ დაინახავს.
- პირველივე თვეს ასი ლარის ჩარიცხვა მომთხოვა. . .
- რისთვის?
- ასე მითხრა მჭირდება, მისაცემი მაქვსო...
- თქვენი აზრით, ვისთვის უნდა მიეცა?
- ეს ყველამ იცის. თვითონაც მითხრა: აქ ითამაშებ თუ არა მნიშვნელობა არ აქვს. ეს მაინც გადასახდელი მექნებაო....


ამ ყველაფერზე რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი მახსენდება და მისი ფილმი ”პატარძლები”. იმ ქალებზე გვიამბობს, რომლების იძულებულები არიან ოფიციალურ ქორწინებაში  იყვნენ, პაემნების უფლება რომ მიიღონ. ბერლინის კინოფესტივალზე ფილმა მაყურებლის სიმპათია დაიმსახურა და მაშინ რეჟისორმა თქვა, რომ ფილმი რეალურ ისტორიებზე დაყრდნობით გადაიღო.

ქუთაისში რაც ვნახე, ასე დავარქმევდი: ”პაემნები - წესების გარეშე”.

No comments:

Post a Comment