Saturday, March 15, 2014

'I am a failed painter, but painter never died in me' - Orhan Pamuk

ორჰან ფამუქი ჩემთვის ასეთ ადამიანად დარჩა. სიამოვნებით ზურგს შეაქცევდა სამყაროს და ზედმეტი საუბრის გარეშე, მხოლოდ დაწერდა.


ფამუქთან ერთად ძველ თბილისში ორი საათი გავატარე. 

ეს ის მომენტია, როდესაც მარტო დარჩა. მგონია, რომ სწორედ ეს უნდოდა ყველაზე მეტად ანუ თბილისი ფეხით მარტოს რომ შემოევლო. არადა აქტიურ გიდს, მზრუნველ მასპინძლებს და ცნობისმოყვარე ჟურნალისტს ოპერატორთან ერთად, თავი ვერ დააღწია. უბრალოდ ზრდილობამ არ მისცა საშუალება მოქცეულიყო ისე, როგორც მხოლოდ მას სურდა.  

მეც დაახლოებით იგივეს ვისურვებდი. უჩინარ ადამიანად გადავქცეულიყავი და მარტო დარჩენილ ორჰან ფამუქთან ერთად თბილისის ქუჩები დამეთვალიერებინა. 

ორჰან ფამუქი არ გავს ადამიანს, რომელსაც 11 მილიონი წიგნი აქვს გაყიდული და ისეთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია, როგორიც ნობელიც პრემიაა. თანამედროვე ადამიანია, მაგრამ უყვარს წარსული და კარგად გაცვეთილი ძველი. ასევე გამოიყურება. აცვია ძველი ფეხსაცმელი და გაცვეთილი კოსტიუმი. ალბათ, სანატრელი ბევრი არაფერი დარჩა. ნარიყალაზე ნატვრის ხეს ისე ჩაუარა, ყურადღებაც კი არ მიაქცია. 
არადა ერთი ნატვრა აუხდენელი დარჩა: ყოფილიყო მხატვარი. იცის, რომ სიტყვებით ბევრად კარგად ხატავს, მაგრამ შანსს ხელიდან მაინც არასდროს უშვებს. ავტოგრაფის ნაცვლად ხშირად ნახატს ტოვებს. იმ დროს, როდესაც ჩემს პორტრეტს "უმანკოების მუზეუმის" ფურცლებზე ხატავდა, ვკითხე, რატომ ხიბლავს ეს საქმე ასე ძალიან. "ალბათ ეს აკვიატებაა," ჩუმად, უკმაყოფილოდ, თავისთვის ჩიალუღლუღა.  
"ალბათ მუზეუმიც აკვიატებაა," გავიფიქრე და სტამბოლში მისი უმანკოების მუზეუმი გამახსენდა ანუ სიყვარულის მუზეუმი.



2012 წლის აპრილში სამმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, საკუთარი თვალით გვენახა ის, რაც წიგნში ამოვიკითხეთ. სტამბოლში უმანკოების მუზეუმის ოფიციალურ გახსნაზე ჩავედით. ჩუქურჯუმას ძველ უბანში ახლადშეღებილი წითელი ფერის ხის სახლი დაგვხვდა, სამი სართულით და ჟურნალისტებისთვის ღია კარით.






დავათვალიერეთ ფუსუნის სახლი, საყურე, რომელსაც ქემალი წლების განმავლობაში ინახავდა, თმის სამაგრები, მართვის მოწმობა, კაბა, ფეხსაცმელი, აბაზანა და სიგარეტის ნამწვავებიც. ეს ყველაფერი ექსპოზიციის ნაწილია. აქ ყველა ნივთია დალაგებული, რასაც მკითხველი წიგნში ხვდება. ბოლო სართულზე საძინებელია, სადაც ქემალმა სიცოცხლის ბოლო წლები ფუსუნზე ფიქრით გაატარა.








იმ დროს არ მიფიქრია, რომ ეს ყველაფერი მწერლის აკვიატებაა, უბრალოდ ყველაფერი უსულო და ხელოვნური მომეჩვენა. ამ ერთი სიყვარულის ამბისთვის მიძღვნილ მუზეუმს რომ ათვალიერებ, შეუძლებელია არ გაიფიქრო, რომ მისმა შემქმნელმა იგივე განიცადა რაც წიგნის გმირმა და შემდეგ ერთ სქელტანიან წიგნში გადაიტანა. ამ აზრმა ბავშვობა გამახსენა. ყველა ნივთს ვინახავდი, რომელიც იმ კონკრეტულ ადამიანთან თუ ფაქტთან მაკავშირებდა, რომელიც ჩემზე ძლიერ ემოციურ შთაბეჭდილებას ახდენდა და ამის შესახებ დღიურშიც ვწერდი.

როგორ შეიძლება არ იყოს იმ სიყვარულის ისტორია რეალური, რომელსაც მწერალი ანატომიურადაც აღწერს. ორჰან ფამუქი გვიამბობს, სხეულის რომელ ნაწილში განიცდის ქემალ ბეი სიყვარულით განცდილ ტკივილს.

 

მწერალს ამ თემაზე საუბარი მობეზრებული აქვს, მაგრამ მაინც დავუსვი კითხვა, რომელიც უკვე მერამდენედ ესმის:

- ოდესმე გყვარებიათ ისე ძლიერად როგორც ქემალ ბეის?
- ამას ყველაზე ხშირად მეკითხებიან, ამიტომ ასეთი თეორია შევიმუშავე: რომ გითხრათ, რომ ქემალი მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფია, არ დამიჯერებთ და არც მინდა დამიჯეროთ. რომ გითხრათ, არა, არა და არა, არასდროს მყვარებია ისე სულელურად როგორც ქემალს, ამასაც არ დაიჯერებთ. ამიტომ ისღა დამრჩენია გავჩუმდე და თქვენს მოსაზრებას დავემორჩილო.
ინტერვიუს დროს ყველა კითხვას უპასუხა, მაგრამ წინასწარ გამაფრხთილა, თუკი კითხვა არ მომეწონება გამოვტოვებო. აღჭურვილია პატარა ზომის ფოტოაპარატით, რომელიც უხარისხო ფოტოებს იღებს, მაგრამ ხარისხზე არ ზრუნავს მაშინ, როდესაც უცნობ ქალაქს ათვალიერებს, მთავარია ვიზუალურად რაც შეიძლება ბევრი მასალა დააგროვოს. "აი დამიჯდა, უნდა დამეტენა, როგორ დამავიწყდა!" თქვა მაშინ, როდესაც საბაგიროში ყოფნის დროს თბილისის ზედხედის ბოლო კადრი გადაიღო. "მინი სტამბოლია," ბოლოს დაამატა.  





"სელფიზმის" მოწინააღმდეგე არ არის და კადრში სიამოვნებით პოზირებს. "Selfie is important" (სელფი მნიშვნელოვანია!) მეუბნება და თბილისის დაარსების მითზე ამბის მოსმენას იწყებს. შემდეგ აბანოს შესასვლელთან იმ წარწერით ინტერესდება, სადაც წერია, რომ აქაურობას რუსი მწერალი პუშკინი სტუმრობდა. "გამახსენდა! პუშკინი ხომ ყარსშიც იყო. საინტერესოა, იქ არასდროს შევხვედრილვარ ასეთ წარწერებს, ალბათ არ აინტერესებთ".


როდესაც ნარიყალადან თბილისს გადმოხედა, ზედმეტი რაც მოეჩვენა, ახალი, თანამედროვე არქიტექტურა იყო. "სამწუხაროა, რომ არ უფრთხილდებიან. შეხედეთ იმ საშინელ შენობებს!" ასე შეაფასა ქალაქის ლანდშაფტი, მოურიდებლად და გულწრფელად. ის კი რამაც ყველაზე მეტად დააინტერესა სამების საკათედრო ტაძარია. გიდს დაწვრილებით გამოჰკითხა არქიტექტურის თავისებურებებისა და ისტორიის შესახებ. 

ორჰან ფამუქი თბილისში ყველაზე ნაკლებად ღვინომ და კერძებმა მოხიბლა. ”ამას ბებიაჩემი ყოველდღე აკეთებდა,” უამბო კულინარებს, რომლებიც ხინკლის მოხვევის ტრადიციას აცნობდნენ. ძველი თბილისის ერთ-ერთ ღვინის მაღაზიაში გიდს ზრდილობის გამო შეჰყვა, თორემ მანამდე დელიკატურად აუხსნა: ”საერთოდ, როდესაც ქალაქს ვათვალიერებ, მირჩევნია მხოლოდ ამ საქმით დავკავდე.” ტრადიცია, რაც არ უნდა ძველი ისტორიის მქონე იყოს, სამშობლოშიც მრავლად აქვს და სხვაგანაც უხვად უნახავს. ვფიქრობ, მწერალი ეძებს იმას, რასაც არსად შეხვედრია. თბილისში იპოვა კიდეც. ეს აღმოჩენა ფიროსმანია.  
"ის ისეთი მარტივი და უნიკალურია. ახლა წიგნს ვწერ და შესაძლოა ფიროსმანის პერსონაჟიც გამოვიყენო, რატომაც არა".                                      

ორსაათიანი გასეირნების შემდეგ, ორჰან ფამუქს ვემშვიდობებით. 

დღეს, როდესაც მსოფლიო მარკესს ემშვიდობება, ეს დღე უფრო მეტად დავაფასე. 



"უმანკოების მუზეუმი" ჩემი პორტრეტით, წიგნის თაროზე არ დევს ისე, როგორც ყველა წიგნი. არც 2014 წლის 13 მარტი იყო ჩვეულებრივი დღე, რადგან ვიყავი მწერალთან ერთად, რომელიც ადამიანებს და მათ მიკროსამყაროებს მუზეუმის ექსპონატებივით აგროვებს და ინახავს. 

ისევ ნარიყალას დაღმართზე განმარტოებული მწერალი მახსენდება. ვიღებ მის "მდუმარე სახლს", ბოლო გვერდს ვშვლი და ვკითხულობ იმას, რისი თქმაც ამ ბლოგით მსურდა:

"ღამეს ველოდები. მალე მაინც მოვიდოდეს. თქვენ, საბნებში გახვეულებს რომ გძინავთ, მას ვერ წაბილწავთ, ძალა არ გეყოფათ. მარტო დარჩენილი ვფიქრობ წყალზე, გრაფინზე, გასაღებებზე, ცხვირსახოცზე, ატამზე, თეფშზე, მაგიდაზე, საათზე.....ხელით შევეხები, ვუყნოსავ, გემოს გავუსინჯავ...ჩემ ირგლივ, სივრცეში ყველაფერი მხოლოდ ჩემთვის არსებობს - თავისუფლად, ცხადად. ჩემთვის წიკწიკებს, ტკაცუნობს. ღამის სიჩუმეში ჩემთან ერთად განიწმინდება დანაშაულის, ცოდვის, ბიწიერებისგან. მაშინ დროც დრო იქნება და ყველაფერი უფრო ახლოს მოვა ჩემთან და მეც საკუთარ თავთან".

ორჰან ფამუქი. "მდუმარე სახლი". 

No comments:

Post a Comment