Thursday, February 27, 2014

წმინდანი, მრევლი და vip მცხეთა

22 თებერვალს, მცხეთაში მრევლის იმხელა ნაკადს მოელოდნენ, რომ უსაფრთხოების ზომები ზედმეტად გაამკაცრეს. იმდენად ზედმეტი მოუვიდათ, რომ ხალხმა მცხეთაში შეღწევა უბრალოდ ვერ შესძლო. სამთავროს მონასტერთან მხოლოდ ისინი აღმოჩნდნენ, ვინც ქალაქში დილის 8 საათამდე  შევიდა.


წმინდანის საფლავის გახსნას მხოლოდ ისინი დაესწრნენ, ვისთვისაც სპეცილაური საშვები გაიცა. საშვების მფლობელები სასულიერო პირები, მათი ახლობლები და მთავრობის წევრები აღმოჩნდნენ. არ დაუშვეს არც ჟურნალისტები. მამა გაბრიელის საფლავის გახსნის პროცესს, მხოლოდ საპატრიარქოს ტელევიზია ”ერთსულოვნება” იღებდა. ”მასალას დავამონტაჟებთ, კომისია განიხილავს და შემდეგ გავავრცელებთ”, მეუბნება საპატრიარქოს წარმომადგენელი.
ვინც წინა რიგებში ადგილი დილიდანვე დაიკავა , წმინდანის სასახლის გამოსვენება საკუთარი თვალით დაინახა. ”ისტორიულ ფოტოს ვიღებ”, მეუბნება 20 წლის გოგონა. მობილური ტელეფონით შეიარაღებული მრევლი ცდილობს მამა გაბრიელის გამოსვენება გადაიღოს, ეს ფოტო შემდეგ მეგობრებს და ოჯახის წევრებს რომ გაუზიაროს. საფლავის გახსნიდან რამდენიმე წუთში ხალხმა ჯგუფ-ჯგუფად შეკრება დაიწყო. მივუახლოვდი და აღმოჩნდა, რომ ერთმანეთს ახალ ამბავს ულოცავენ: ”მამა გაბრიელი გაუხრწნელია!”
ყველა გახარებულია! მიცვალებულის ფოტოს კი ერთმანეთს მობილურით აჩვენებენ. სიხარული იმდენად დიდია, რომ ეჭვი არავის შეაქვს, იქნებ ფოტო არ არის ნამდვილი? ან ვინ გაავრცელა? როდის?
სამთავროს მონასტრიდან წმინდა გაბრიელის ნეშტის სვეტიცხოველში გადასვენების შემდეგ, მცხეთის ცენტრში ეს რესტორანი სტუმრებს აღარ იღებს. სადილად შესულ ოთხ ტურისტს და სამ ქართველ ქალბატონს აღელვებულმა მენეჯერმა მოკლედ და უხეშად უპასუხა: ”შეკვეთას აღარ ვიღებთ, სტუმრებს ველოდებით!”. პარალელურად, მაგიდებს სწრაფად ასუფთავებს. ტურიტებიც სტუმრები არიან, მაგრამ ”ის” სტუმრები არა.
იქვე კიდევ ერთი რესტორანია. ტურისტებმა ახლა აქ გადაინაცვლეს, შესვლა უნდათ, მაგრამ კარი დაკეტილია. 5 წუთში გარეთ შავი ჯიპები მომრავლდნენ. 7 წუთში შინაგან საქმეთა მინისტრი გამოჩნდა და ჩაკეტილი კარი გაიღო. მერე ისევ დაიკეტა. ახლა მე ვცადე გაღება, მაგრამ ჩარაზული დამხვდა.
სამთავროს მონასტრის გარშემო ტერიტორია 5 წუთში დაცარიელდა, რადგან მამა გაბრიელი ახლა სვეტიცხოველში ესვენა. მრევლმა სვეტიცხოვლის შესასვლელთან გადაინაცვლა, წმინდანთან შეხებისა და ”სულის განწმენდის” სურვილით. აქაურობის ”განწმენდას” კი ქუჩის დამლაგებელი ბიჭი შეუდგა. საქმე ბევრი აქვს. აქ მოსალოცად შეკრებილმა ასობით მრევლმა ნაგავი ბევრი დაუტოვა!

”ბრავო ასეთი რეპორტაჟისთვის ))))))) p.s. ძალიან საცოდავები ხართ”, მწერს ვინმე მარიამ ამირეჯიბი მას შემდეგ, რაც გადაცემა პოსტსკრიპტუმში ჩემი რეპორტაჟი გავიდა წმინდა გაბრიელის საფლავის გახსნის შესახებ https://www.youtube.com/watch?v=RsKZMtCV6Pg

საინტერესოა, მარიამი მცხეთაში იყო? თუ ტელევიზორთან მოკალათებულმა მხოლოდ რეპორტაჟი იხილა? 
ისიც მაინტერესებს, ის და კიდევ ასობით მრევლი წმინდანის ნეშტს რომ მიყვებოდა, გარშემო მიმოიხედა? და ვერაფერი დაინახა?
 







ლიოს ”მდუმარე სახლი”


”მდუმარე სახლი” - ორჰან ფამუქის მეშვიდე წიგნი, რომლის კითხვაც ახლახანს დავასრულე. სხვა მისი წიგნებისგან განსხვავებით, არის ძალიან დინამიური.ხშირად გამიგია ქართველი მკითხველისგან, ფამუქის წიგნები ”გაწელილიაო”... ამ წიგნზე იგივეს ვერ იტყვი. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თურქეთის ერთი პატარა სოფლის მაგალითზე ჩემი ბავშვობა, მთავარმა გმირმა ფატიმამ კი ერთი ადამიანი გამახსენა, რომელთანაც ბავშვობის მძაფრი შეგრძნებები მაკავშირებს. ხშირად მიფიქრია, რას ფიქრობს დღეს ლოგინს მიჯაჭვული ერთ დროს ძალიან ძლიერი ადამიანი. ამ ჩემი ფიქრების გაგრძელება ორჰან ფამუქთან ამოვიკითხე.

ლიანა ასათიანი - ჩემი ბავშვობის მეგობრის ნინი ბეგიშვილის ბებია. ის არ არის ჩემი ბიოლოგიური ბებია, მაგრამ მაინც ის არის, ვინც ბავშვობიდან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ”დიდი გავლენა მოახდინა” - ძალიან ზოგადია. ამიტომ დავძაბავ გონებას და გავიხსენებ რამდენიმე დეტალს.

ლიანას ანუ ლიოს ხსენებაზე ცოტა მეშინოდა.ცოტა არა, კარგად მეშინოდა. განსაკუთრებით მაშინ, თუკი იმ დროს შევიდოდი ოთახში ნინის რომ ამეცადინებდა. იცოდა, ნინის ჩემს დანახვაზე კონცენტრაცია სწავლაზე გაუჭირდებოდა და ამიტომ ლიოს მზერით შეშინებული ოთახს ჩუმად ვტოვებდი. როდესაც მე და ნინი ვსადილობდით, ლიო იქვე თუ იყო მაშინაც დაძაბული ვიყავი. არაფერი არ უნდა შეგვშლოდა: მაგიდასთან ზურგში მოხრილი არ უნდა ვმჯდარიყავით, დანა-ჩანგალი სწორედ გამოგვეყენებინა და სადილის დასრულებისას ჩვენი თეფში მაგიდაზე არ დაგვეტოვებინა. ერთხელ დაგვრჩა. ლიოს შენიშვნა ისე მწარედ მახსოვს, თეფში მაგიდაზე უკვე 30 წელია აღარ დამრჩენია!

ლიანა ასათიანი უკვე ცნობილი მსახიობი იყო, როდესაც ჩვენი აღზრდით იყო დაკავებული. თუმცა არასდროს მახსოვს ლიოს ქედმაღლობა გამოეჩინა ან სხვა ადამიანებისთვის საკუთარი თავის უპირატესობა ეჩვენებინა. არასდროს მახსოვს, რომ ბევრს დროს სალონებში ატარებდა, თავს საკუთარი ძალებით უვლიდა, მაკიაჟს თავად იკეთებდა და იყო ძალიან ლამაზი. მისი შემხედვარე 6 წლის ასაკში მივხვდი, რომ ლამაზი ქალი უბრალოდ ლამაზია და დანარჩენი ყველაფერი არ არის მნიშვნელოვანი.

”ქალმა მოხრილმა კი არა, წელში გამართულმა უნდა იაროს, არ აქვს მნიშვნელობა სად არის და რას აკეთებს, სამზარეულოში თუ წვეულებაზე...” ლიო სიარულსაც კი გვასწავლიდა, გაღიმებას, ზრდილობიანად საუბარს, ადამიანებთან ურთიერთობას, მოსამსახურესთან განსაკუთრებით თავაზიანად მოპყრობას, სადილში ნიგვზის უხვად გამოყენებას, ყავისფერი კექსის გამოცხობას, პოკერის თამაშს :) ეს ყველაფერი დღემდე მახსოვს, პოკერი გარდა :) მადლობა ლიოს ამისთვის!

მაშინ გავიგე პირველად, რომ თურმე მსახიობები წამწამებს იგრძელებენ. ერთხელ მე და ნინი კინოსტუდიაში წაგვიყვანა, წამწამები მიიკრა და ჩვენთან ერთად სურათები გადაიღო. გული ახლაც მეწურება როდესაც მახსენდება, წამწმაების მოხსნის დროს როგორ მეშინოდა: ვფიქრობდი ლიოს ძალიან ტკიოდა.

ლიოს მართლა ტკიოდა, მაგრამ ამას მაშინ ჩვენ ვერ ვხედავდით. ტკიოდა ალბათ ის, რომ საკუთარ დედასთან მტკივნეული მოგონებები აკავშირებდა...ტკიოდა ის, რომ შვილმა, პიანისტმა ლექსო თორაძემ საბჭოთა კავშირი ჩუმად დატოვა და ცხოვრება ამერიკაში გაარძელა...ყველაზე მეტად ალბათ ტკიოდა ის, რომ ამ ამბის შემდეგ მალევე, ქმარი, დავით თორაძე გარდაიცვალა...

ყველაზე წმინდა ნივთი სახლში როიალი იყო. ის როიალი, რომელზეც დავით თორაძე მუსიკას წედა, ლექსომ კი დაკვრა ისწავლა. ვოცნებობდი ამ როიალის ხმა გამეგო, მეგონა ყველა სხვა როიალისგან განსხვავებული ჟღერადობა ექნებოდა. მიკარებას ვერ ვბედავდით. მე და ნინის ერთი სული გვქონდა როდის ”დავიმსახურებდით” მასთან შეხებას, მაგრამ ფორტეპიანოზე დაკვრის ნიჭი არცერთს აღმოგვაჩნდა და ბავშობის ოცნებაც არ ასრულდა.

წლების შემდეგ, როდესაც ლექსო თორაძესთან ინტერვიუს ამ როიალთან ვწერდი, ერთი საიდუმლო გამანდო. როიალის თავსახურის ძირში თურმე ლექსოს ბავშობის ხელნაწერები იყო. ”ნახვამდის როიალო”, ”როიალო როგორ ხარ?” - ასეთი წარწერებით ელაპარაკებოდა თურმე ამ მუსიკალურ ინსტრუმენტს. მაშინ კიდევ უფრო კარგად მივხვდი, რატომ იყო ეს როიალი ლიოსთვის ასეთი ძვირფასი და ბავშვობის ამოცანაც ამოვხსენი. 


ლიოს ცრემლები ბევრს ნანახი ალბათ არც აქვს. მე მაქვს. იყო ერთი ადგილი, სადაც ყოველთვის ტიროდა. ოპერაში, დავით თორაძის ”გორდას” დროს. გორდა არასდროს გაგვიცდენია. ვისხედით ლოჟაში საპატიო ადგილას ლიო, ნინი და მე...ჩემი პირველი მოგონება ოპერიდან ზუსტად ასეთი კადრით იწყება: ლიო სპექტაკლს უყურებს და ტირის. მე და ნინი ლიოს შევცქერით. ოდნავ გაკვირვებულები, რადგან ლიო ამ სეპქტაკლზე ყოველთვის ტირის. დასასრული ყოველთვის ერთნაირია: ლიო ცრემლებს იწმენდს და ამბობს: ”მე აქ აღარ მოვალ, ეს ბოლო გორდა იყო”...გორდაზე მანამდე ვიარეთ, სანამ 90-იანი წლები არ დადგა და ნინი მშობლებთან ერთად ინგლისში არ გადავიდა საცხოვრებლად...

ახლა ლიოს მთელი სამყარო, ორჰან ფამუქის ფატმასავით, მის საძინებელ ოთახშია მოქცეული. დღეებს აქ ატარებს, ძირითადად წევს და ალბათ ბევრს ფიქრობს. ნანობს, უხარია, სწყინს, ენატრება, იღუშება, იღიმის...როდესაც მის სანახავად მივდივარ და  ლოგინის გვერდით ვჯდები, მგონია რომ ლიო დროში მოგზაურობს, თვალწინ უდგას ძველი მეგობრები, მათ ესაუბრება და ისინიც რაღაცას ეუბნებიან. ამ წარსულში ალბათ ორი პატარა გოგოცაა, რომლებსაც ყველაფერს ასწავლის, რაც შემდგომ ცხოვრებაში გამოადგებათ. მგონია, რომ წარსული ახლა უფრო ცოცხალია, ვიდრე აწმყო.

ლიოს სახლიც მდუმარეა.